საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციის შესახებ
საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციის შესახებ
საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაცია (Association of Family Doctors of Georgia) წარმოადგენს 2003 წლის 3 დეკემბერს რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს.
ასოციაციის მთავარი მიზანი
ასოციაციის უმთავრესი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ეფექტური პირველადი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას საოჯახო მედიცინის განვითარებისა და ოჯახის ექიმების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვისა და შენარჩუნების გზით.
ასოციაციის სპეციფიკური მიზნები
ასოციაციის სპეციფიკური მიზნებია:
- ხელი შეუწყოს საოჯახო მედიცინის, როგორც სპეციალობის (დისციპლინის) განვითარებას;
- დაიცვას და წარმოადგინოს საოჯახო მედიცინის, როგორც სპეციალობის ინტერესები;
- ხელი შეუწყოს სათანადო კვალიფიკაციის ოჯახის ექიმების მომზადებას;
- ხელი შეუწყოს მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას და შენარჩუნებას მომუშავე ოჯახის ექიმებს შორის;
- დაიცვას ოჯახის ექიმების უფლება აწარმოონ პროფესიული საქმიანობა მათი კომპეტენციის ფარგლებში;
- ხელი შეუწყოს პირველადი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე საშუალო სამედიცინო პერსონალის პროფესიული საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესებას, შენარჩუნებას, ამ სპეციალობის სამედიცინო პერსონალის პროფესიულ ზრდას.
- ხელი შეუწყოს პირველად ჯანდაცვის სფეროში მომუშავე მენეჯერების პროფესიული საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესებას, შენარჩუნებას, ამ საქმიანობით დაკავებული პერსონალის პროფესიულ ზრდას.
- ხელი შუწყოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებში პაციენტებისა და მთლიანად მოსახლეობის განათლებას.
ასოციაციის ამოცანები
ასოციაციის ამოცანებია:
- ოჯახის ექიმის სპეციალობის აღწერილობის (ოჯახის ექიმის კომპეტენციის აღწერილობის) მომზადებასა და მის მუდმივ სრულყოფაში მონაწილეობა;
- ოჯახის ექიმის სპეციალობაში დიპლომის შემდგომი მზადების (რეზიდენტურის) და უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემებში მაღალი სტანდარტების დანერგვა, როგორც რეკომენდაციების შემუშავების, აგრეთვე კონკრეტული პროგრამების მომზადებისა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღების გზით;
- რეკომენდაციების მომზადება დიპლომამდელი სამედიცინო განათლების პროგრამების ადაპტაციის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს საოჯახო მედიცინის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.
- ოჯახის ექიმის სპეციალობაში უცხო ქვეყნების გამოცდილებისა და უახლესი მიღწევების შესწავლა, საჭიროებისამებრ მათი ადაპტაცია და დანერგვა საქართველოში;
- მტკიცებითი მედიცინის პრინციპების დანერგვისათვის ხელშეწყობა ოჯახის ექიმის სპეციალობის ფარგლებში;
- ოჯახის ექიმების უზრუნველყოფა თანამედროვე საერთაშორისო დონის სადიაგნოზო და სამკურნალო სახელმძღვანელო რეკომენდაციებით მათი თარგმნისა და ადაპტაციის, აგრეთვე ორიგინალური ვერსიების შემუშავების გზით;
- უცხო ქვეყნების სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ნაციონალური და საერთაშორისო პროფესიული ასოციაციების ჩათვლით, თანამშრომლობა საქართველოში საოჯახო მედიცინის განვითარების ხელშეწყობის მიზნით; ამავე მიზნით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაერთიანება;
- ოჯახის ექიმების, აგრეთვე ოჯახის ექიმის სპეციალობის დაუფლების პროცესში მყოფი რეზიდენტებისთვის დახმარების აღმოჩენა უცხოეთში გასამგზავრებლად პროფესიული კომპეტენციის ამაღლების მიზნით;
- საოჯახო მედიცინაში პროფესიული ლიტერატურის, განსაკუთრებით სახელმძღვანელოების მომზადებისათვის ხელშეწყობა, მათ მომზადებასა და გამოცემაში მონაწილეობა;
- კანონით დადგენილი წესით საგამომცემლო და სარეკლამო (სოციალური რეკლამა) საქმიანობა საქართველოს მოსახლეობისათვის ფართოდ გავრცელებული დაავადებების შესახებ პოპულარულ ენაზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით;
- თანამშრომლობა პირველადი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სხვა სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალთან პირველადი ჯანდაცვის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
- პირველადი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე საშუალო სამედიცინო პერსონალის და მათი გაერთიანებების მხარდაჭერა პროფესიული სტანდარტების ამაღლების საქმეში.
ასოციაციის დამფუძნებლები
ასოციაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომუშავე ექიმები და ჯანდაცვის ექსპერტები, რომელთა საქმიანობა საექიმო პრაქტიკასთან ერთად მოიცავს აკადემიურ საქმიანობას და ჯანდაცვის ადმინისტრირებას:
- გურამ კიკნაძე - ოჯახის ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუსი, ოჯახის ექიმთა მასწავლებლების ევროპის აკადემიის (EURACT) წევრი, ასოციაციის თავმჯდომარე.
- გივი ჯავაშვილი - ოჯახის ექიმი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, ევროპის საბჭოს ბიომედიცინისა და ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების სამუშაო კომიტეტის წევრი (Steering Committee for Human Rights in the fields of Biomedicine and Health - CDBIO), ოჯახის ექიმთა მასწავლებლების ევროპის აკადემიის (EURACT) წევრი.
- მარინე შიხაშვილი - ოჯახის ექიმი მასწავლებელი, ხარისხის საკონსულტაციო ჯგუფის დირექტორი, საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის გამგეობის წევრი, ლონდონის ზოგად პრაქტიკოსთა სამეფო კოლეჯის საპატიო მასწავლებელი საზღვარგარეთ, საქართველოს უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
- ნინო მოროშკინა - ჯანდაცვის სისტემების ექსპერტი, მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისი,
- ირმა ხონელიძე - სსიპ „ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე“, მაგისტრი, საჯარო მმართველობა, Maxwell School of Citizenship and Public Affairs – სირაკუზის უნივერსიტეტი. მაგისტრი, მენეჯერი, ბიზნეს სკოლა – ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი.
- იამზე ყიფიანი - ოჯახის ექიმი, წამლის კლინიკური კვლევის ექსპერტი.
- რუსუდან (ბაკა) თავხელიძე - ოჯახის ექიმი, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი.
- ნინო კიკნაძე - ოჯახის ექიმი, მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კლინიკა „რეიმანის“ კლინიკური დირექტორი, ოჯახის ექიმთა მასწავლებლების ევროპის აკადემიის (EURACT) გამგეობის წევრი.
- ალექსანდრე ალადაშვილი - ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გულ-სისხლძარღვთა კათეტერიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
- ეკა ფაღავა - ოჯახის ექიმი, ოჯახის ექიმთა მასწავლებელი.
- ქეთევან ლორია - ოჯახის ექიმი, მცხეთის საოჯახო მედიცინის სასწავლო ცენტრის დირექტორი.
- აკაკი ბარკალაია - ექიმი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის უწყვეტი პროფესიული განვითარების სამსახურის უფროსი.
ასოციაციის მმართველი გუნდი
ასოციაციის მართავს ასოციაციის გამგეობა, რომლის შემადგენლობაში 7 წევრია. ასოციაციის გამგეობა განახლდა ასოციაციის ბოლო კრებაზე, რომელიც ჩატარდა 2023 წლის 2 დეკემბერს.
ასოციაციის გამგეობას ხელმძღვანელობს ასოციაციის თავმჯდომარე.
ასოციაციის თავმჯდომარე მისი დაარსებიდან დღემდე არის პროფესორი გურამ კიკნაძე.
ასოციაციის ბოლო კრებაზე გურამ კიკნაძემ მოითხოვა გადადგომა. ასოციაციის თავმჯდომარედ არჩეული იქნა გივი ჯავაშვილი. ამასთან, ასოციაციის თავმჯდომარის და გამგეობის წევრების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შევა საჯარო რეესტრში ცვლილების ასახვის მომენტში. მანამდე, მიმდინარე პროექტების წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციაზე რჩება გურამ კიკნაძე.
ასოციაციის გამგეობის ახლანდელი შემადგენლობა შემდეგია:
გურამ კიკნაძე, გივი ჯავაშვილი, მარინა შიხაშვილი, ქეთევან ლორია, ნინო კიკნაძე, რუსუდან (ბაკა) თავხელიძე, თამარ მელიქიძე.
ამასთან, 2022 წლიდან ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით შეიქმნა „პროექტების მმართველი გუნდი“, რომელსაც ხელმძღვანელობს ასოციაციის გამგეობის წევრი ნინო კიკნაძე.
ასოციაციის მიერ განხორციელებული პროექტები
საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციის მიერ ბოლო 15 წლის განმავლობაში განხორციელებულია 20-მდე პროექტი, მათ შორის, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით. ქვემოთ მოცემულია ამ პროექტების მხოლოდ ნაწილის დასახელება, შედეგები და განხორციელების დრო.
N |
დასახელება |
დაფინანსება |
წლები |
შედეგები |
1. |
ოჯახის ექიმთა ტრენერთა მზადების საჭიროების შეფასება |
ევროკავშირი
გრანტი #TACIS/2007/147562
საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირთან ერთად |
2008 |
ჩატარდა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევები და მომზადდა რეკომენდაციები ოჯახის ექიმთა ტრენერების მზადების საჭიროების შესახებ |
2. |
საოჯახო მედიცინაში კლინიკური პრაქტიკის 20 ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) და შესაბამისი დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შემუშავება |
საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელ ცენტრი (მსოფლიო ბანკის კრედიტი No. 3702-GE), ხელშეკრულება N2.1./LTA/161 |
2009 |
მომზადდა და სამინისტროს მიერ დამტკიცდა კლინიკური პრაქტიკის 20 გაიდლაინი და პროტოკოლი ოჯახის ექიმებისთვის |
3. |
საგრანტო პროგრამა კლინიკური მდგომარეობების მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) შემუშავებაში |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |
2012 |
მომზადდა პროტოკოლი „კვებითი ალერგიის მართვა ბავშვებსა და მოზარდებში პირველადი ჯანდაცვის დონეზე“ |
4. |
სპეციალობის აღწერილობის (სპეციფიკაციის) მომზადება საექიმო სპეციალობებისთვის, რომელიც ასახულია საექიმო სპეციალობათა ნუსხაში |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |
2012-14 |
მომზადდა ექიმის კომპეტენციები სპეციალობაში „საოჯახო მედიცინა“ |
5. |
უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა „კომუნიკაციის სტანდარტების დანერგვა სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვის ხელშესაწყობად“ |
აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკა |
2022 |
მომზადდა პროგრამა, მოხდა მისი აკრედიტაცია და განხორციელდა პროგრამა |
6. |
„კოვიდ-19 ის მართვა და ვაქცინაცია, ვაქცინაციის კომუნიკაცია საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რგოლის პროფესიონალებისთვის“ |
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია
EUGEO2219909 Task 10.6 Award 71475
|
2022 |
სამ ფაზად ჩატარდა პჯდ პერსონალის მზადება თბილისისა და მთელი საქართველოს მასშტაბით |
7. |
უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა „კომუნიკაცია, ეთიკისა და სამართლის საკითხები სამედიცინო პერსონალის საქმიანობაში“ |
გაეროს ბავშვთა ფონდი - იუნისეფი
|
2023 |
ჩატარდა უსგ პროგრამა 300-მდე ჯანდაცვის პროფესიონალისათვის |
8. |
პჯდ ექიმებისა და ექთნების მხარდამჭერი ზედამხედველობა „კოვიდ-19 ის მართვის და ვაქცინაციისა, ვაქცინაციის კომუნიკაციის შესახებ“ ჩატარებული ტრეინინგის შემდეგ |
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია
EUGEO2219909 Award 71475 TT10.6 |
2023 |
სუპერვიზიით მოცულია 535 დაწესებულება და 900-მდე ექიმი |
9. |
პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის მომზადებული კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინებისა და პროტოკოლების რეცენზირება |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორები |
2012- 2023 |
რეცენზირებულია და რედაქტირებულია პჯდ სპეციალისტებისათვის მომზადებული 50-მდე კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინი და პროტოკოლი |
ასოციაციის პოლიტიკის დოკუმენტები
ასოციაცია თავის საქმიანობას წარმათავს წესდების ფარგლებში.
ამასთან, ასოციაციას შემუშავებული აქვს პოლიტიკის დოკუმენტები, რომლითაც ხელმძღვანელობს თავისი საქმიანობის პროცესში.
ქვემოთ მოცემულია ზემოთ მოხსენიებული დოკუმენტები:
ასოციაციის ანგარიშები
2022 წლიდან მოყოლებული ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით, ასოციაცია აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშებს, რომელიც ხელმისაწვდომია ასოციაციის ვებ-გვერდზე:
- საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციის 2022 წლის ანგარიში
- საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციის 2023 წლის ანგარიში
.